"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტი, პარლამენტის ბიუროს, ინიცირებისათვის, 8 აპრილის სხდომაზე წარედგინება. ბიურო მას განსახილველად პარლამენტის კომიტეტებს გადასცემს.
კანონპროექტი ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელითაა რეგისტრირებული.
კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდანაა მიღებული.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით, ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.
ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.
კანონპროექტი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ნებისმიერ დროს, კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.