ბათუმის #7 საბავშვო ბაღთან დაკავშირებით დაწყებული დისციპლინური წარმოება დისციპლინური გადაცდომის არ არსებობის გამო შეწყდა. აღმზრდელებს კანონსაწინააღმდეგო მოქმედება არ დაუდასტურდათ, მათ შორის არასრულწლოვანებზე რაიმე ფორმით ზემოქმედება, ასევე, არ დადასტურდა ერთ-ერთი აღსაზრდელის ბაღში მიღება ქრთამის სანაცვლოდ. შესაბამისად, ორი აღმზრდელი რომლებიც დროებით სხვა სააღმზრდელო დაწესებულებაში აგრძელებენ მუშაობას #7 საბავშვო ბაღში დაბრუნდებიან. სწორედ ამ პედაგოგების ბაღში დაბრუნებას ეწინააღმდეგებოდნენ #7 საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლები, მათ ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე კვირას აქცია გამართეს და პედაგოგები ძალადობაში დაადანაშაულეს.