ქვეყნის ახალი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობას ააქტიურებს DCFTA-ის ვალდებულებების მიღმა ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მიმართულებით, - ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ევროკომისიასთან ერთად შემუშავდა 2024-2025 წლების საქართველო-ევროკავშირის DCFTA-ს პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა (PAP), რომელსაც 2024 წლის ბოლომდე მიიღებენ. გეგმის მიზანია, ჩამოაყალიბოს ორმხრივად შეთანხმებული აქტივობები, მათ შორის DCFTA-ის მიღმაც.
ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა დაახლოებულია DCFTA-ით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტების 65 პროცენტზე მეტთან. გაგრძელდება მუშაობა ევროკავშირთან სოფლის მეურნეობის, კერძოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებითაც.
„ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რაც გულისხმობს როგორც ქვეყნის საკანონმდებლო დაახლოებას მის კანონმდებლობასთან, ასევე ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ ევროინტეგრაციის პროცესი ახალ საფეხურზე გადაიყვანა, მაგრამ ეს 2014 წლის შემდეგ გაწეული შრომის ლოგიკური გაგრძელება იყო.
"მთავრობის პროგრამის სახელწოდებაა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, რასაც პასუხობს ჩვენი ყველა გადაწყვეტილება. 2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი ახალ საფეხურზე გადაიყვანა, მაგრამ, ამავე დროს, ეს გადაწყვეტილება ლოგიკური გაგრძელება იყო იმ მრავალწლიანი შრომისა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გასწია 2014 წლის შემდეგ. ეს იყო რთული გზა საქართველოს ევროინტეგრაციისკენ, რომლის ერთი ეტაპიც ჩვენ წარმატებით დავძლიეთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსიდან გამომდინარე, საქართველო პირველად შეუერთდა ევროკომისიის მიერ წევრობის კანდიდატი ქვეყნებისათვის შემუშავებული მეთოდოლოგიით ეკონომიკური რეფორმების საშუალოვადიანი პროგრამის მომზადების პროცესს და დათქმულ ვადაში (2024 წლის 15 იანვარს) ევროკომისიას წარუდგინა „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა“ 2024-2026 წლისთვის. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, აღნიშნული რეფორმების განხორციელება კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან.
ეკონომიკის მინისტრმა გამოსვლის დასაწყისში ხაზი გაუსვა, რომ გლობალური თუ რეგიონული გამოწვევების ფონზე, ეკონომიკის ზრდის სწრაფი ტენდენციებით საქართველო კვლავ მოწინავეა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროკავშირის რიგ წევრ ქვეყნებს შორის. 2021–22 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე, 2023 წელსაც საქართველომ შეძლო მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება.
ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა კვლავ, სტაბილურად გაგრძელდება.