საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებმა ბრძოლა გამოუცხადეს პოლიტიკაში ქალების მონაწილეობას - ასე ეხმაურება პროექტს „ქალთა მოძრაობა“. განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ ეს არის ქალების განდევნა საჯარო პოლიტიკიდან და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობით საქართველო კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნებს და გლობალურად 125-ე ადგილზეა.
ქალთა მოძრაობა მიიჩნევს, რომ გენდერული კვოტების გაუქმების წინაპირობები არ არსებობდა. მსგავსი ინიციატივები არის ბრძოლა, არა მხოლოდ პოლიტიკოსი ქალების, არამედ ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქალის წინააღმდეგ.
„ქალთა მოძრაობა“ მოითხოვს ყველა პოლიტიკური პარტიისგან წარადგინონ ქალების გაძლიერების გეგმა.