ვენეციის კომისია ისეთ რეკომენდაციას თუ მოგვცემს, რომელიც ევროპულ პრაქტიკას იქნება აცდენილი, მსგავს რეკომენდაციას არ გავიზიარებთ - მდინარაძე

27 მარტი 2024, 16:53 473 ნახვა

ვენეციის კომისია ისეთ რეკომენდაციას თუ მოგვცემს, რომელიც ევროპულ პრაქტიკას იქნება აცდენილი, მსგავს რეკომენდაციას არ გავიზიარებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ცესკო-სთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გათვალისწინებული რაც არ არის, იმის შესახებ მმართველ გუნდს არგუმენტები აქვს.

„ევროკავშირის ელჩი მართალს ამბობს, რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გაზიარებულია. გაზიარებული არ არის ის ნაწილი, სადაც პარტიულ წარმომადგენელს ცესკო-ს თავმჯდომარე უნდა შეეცვალა მისი თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, რაც ხაზარაძის პარტიის ამოცანა და გეგმა იყო. ჩვენ ეს ბევრი არგუმენტით არ გავიზიარეთ, მათ შორის იმით, რომ ეს არ არის სწორი სამართლებრივ პრინციპზე დაყრდნობით. ასევე იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ ევროპის არცერთ ქვეყანაში მიმსგავსებული პრეცედენტიც კი არ არის. იმ ნაწილზე, რომელიც გაზიარებული არ არის, ჩვენი ახსნა გვაქვს და თან ძალიან ობიექტური. ვენეციის კომისიის არცერთ რეკომენდაციას არ გავიზიარებთ, რომელიც ევროპის არცერთ ქვეყანაში არ იქნება პრეცედენტის სახით. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია თუ იქნება ისეთი, რისი ანალოგიც ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არსებობს და ევროპულ პრაქტიკას აცდენილი იქნება, მსგავს რეკომენდაციას თუ მოგვცემენ, ასეთ რეკომენდაციას არ გავიზიარებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ე.წ. ვეტინგის თემა დახურულია, მმართველმა გუნდმა არგუმენტები წარადგინა, თუ რატომ არ შეიძლება ქვეყნის სუვერენიტეტში ასეთი ჩარევა.

"ჩვენ ამ თემაზე ნებისმიერ ფორმატში ჩვენს მეგობრებს არგუმენტებს წარვუდგენთ და ავუხსნით, რატომ არ შეიძლება ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევა. ქვეყნის სუვერენიტეტში ასეთი ჩარევა არ შეიძლება. ჩვენს მეგობრებს ყველა დეტალს ავუხსნით ამ თემაზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი