დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილი ჩიხი და აირჩიოს ცესკო-ს პროფესიული წევრები და თავმჯდომარე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს უცნაური წესი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, არ შემუშავებულა პარტიების დიალოგის საფუძველზე, არამედ იყო მედიატორის დაჟინებული იდეა.
„დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილი ჩიხი და აირჩიოს ცესკო-ს პროფესიული წევრები და თავმჯდომარე. საზოგადოებას შევახსენებ, რომ მანამდე მოქმედი რეგულაცია – ხმების 2/3-ით ცესკო-ს წევრების არჩევა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სათადარიგო თავმჯდომარედ გამწესება არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს უცნაური წესი არ შემუშავებულა პარტიების დიალოგის საფუძველზე, არამედ იყო მედიატორის დაჟინებული იდეა, რომელმაც ფაქტია, რომ არ იმუშავა და ვერც იმუშავებდა, მით უმეტეს მომავალ არჩევნებამდე დარჩენილ დროში. ისიც ფაქტია, რომ ოპოზიცია ამ ჩიხურ სიტუაციას არჩევნების შედეგების არაღიარების საბაბად გამოიყენებდა. კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, უნდა შეიცვალოს. ეს აქსიომაა. ხოლო კანონი, რომლის მიერ შექმნილმა ჩიხმა შეიძლება, რადიკალიზმი წაახალისოს და ქვეყანა დააზიანოს, რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს. მიუხედავად „19 აპრილის შეთანხმების“ ანულირებისა, ჩვენ მაინც თითქმის სამი წელი მივეცით ამ ექსპერიმენტულ რეგულაციას, რათა ემუშავა. თუმცა, მოახლოებული არჩევნების წინ ფუჭ ექსპერიმენტებს ვერ დავუშვებთ. ქართველმა ხალხმა ქვეყნის მართვის მანდატი მოგვანიჭა დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და არა მათ დასაკნინებლად“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.