დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში. ასეთ პირობებში, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის განცხადებით, ამას უკავშირდება ის კამპანიები, რომლებიც ცესკო-ს წინააღმდეგ მიმდინარეობს.
"გასაგებია, რისთვისაც ემზადება ოპოზიცია. მათ იციან, რომ არჩევნებს აგებენ, თან ძალიან მძიმედ. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვიღებთ პარლამენტში. ასეთ პირობებში, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ერთადერთ რამეზე, ეს არის არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობა. ბუნებრივია, ამას უკავშირდრბა კამპანიები, რომლებიც ცესკო-ს წინააღმდეგ წარმოებს. ასეთი კამპანიები აბსოლუტურად უსუსურია, შესაბამისად ოპოზიციას წარმატების შანსი არ აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სწორედ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ ლობირებენ.
"რეალურად, გასაგებია, რაშიც არის საქმე. საქმე ეხებოდა საქართველოს მხარდაჭერას, მისი ევროპული კურსის მხარდაჭერას. ამაზე იყო საუბარი შესაბამის დოკუმენტში. როცა ასეთ დოკუმენტს არ უჭერს მხარს ოპოზიცია, გასაგებია, რა არის მათი დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ, რომ ისინი სინამდვილეში ლობირებენ სწორედ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან სამწუხარო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, როდესაც კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, რა თქმა უნდა, ეს არის შემაშფოთებელი.
„ასეთი კამპანიების მიზანიც არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანება. ჩვენ შარშან ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან. ამ პარტნიორობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების რეალიზებისთვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, მათ შორის ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებისთვის. როდესაც ასეთ პირობებში კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, რა თქმა უნდა, ესეც არის შემაშფოთებელი. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველას ჰქონდეს სათანადო პოზიცია ყველა იმ აქტზე, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. ძალიან შემაშფოთებელია ნებისმიერი ასეთი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება“, - განაცხადა პრემიერმა.