რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები აქციის სახელწოდებით - "შუადღე პუტინის წინააღმდეგ" ფონზე მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები კრიტიკულად განწყობილ ამომრჩეველს მოუწოდებდნენ, რომ გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ერთდროულად შეკრებილიყვნენ პუტინის წინააღმდეგ ხმის მისაცემად.
მიუხედავად ხელისუფლებისგან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით მუქარისა გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ მოქალაქეები აზრის დაფიქსირებას არ შეუშინდნენ.
აქციის მონაწილეები საარჩევნო უბნებთან გრძელ რიგებში დგანან, არ უჭირავთ პლაკატები და არ სკანდირებენ ლოზუნგებს. ოპოზიცია განმარტავს, რომ ამგვარად ისინი სამართალდამცველებს დაკავების საბაბს არ აძლევენ.
აქციები რუსეთის გარდა იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. პროტესტს ბერლინში შეუერთა გარდაცვლილი რუსი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია.
პარალელურად, დაძაბული ვითარება რჩება უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდში - პროუკრაინულმა სამხედრო ჯგუფებმა, ერთობლივი ვიდეომიმართვა გაავრცელეს. ისინი ვლადიმირ პუტინს ბელგოროდისა და კურსკის ოლქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანისკენ მოუწოდებენ.