პარტია „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებმა“ დასავლეთ საქართველოში საპენსიო საკითხებზე შეხვედრები დაიწყო. პოლიტიკური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი, პარტიის იურისტებთან და გუნდის წევრებთან ერთად, ბათუმში, საპენსიო სესხებით დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდა.
შეხვედრების მიზანია იმ ადამიანების დახმარება, ვინც საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს „ლიბერთი“ ბანკთან გამკლავებას, რომლებსაც ბანკმა პანდემიის დროს სამთვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის სანაცვლოდ სესხები სამი და ოთხი წლით გაუხანგრძლივა. ამას გარდა პენსიონერებს კონსულტაცია გაეწევათ ე.წ. „ოვერდრაფტებთან“ დაკავშირებით, რომელიც ბანკმა მათ ისე გაუფორმა, რომ პარტიის ლიდერების მტკიცებით, არ აუხსნა მათ რა ტიპის სესხთან ჰქონდათ საქმე.
დაზარალებულ პენსიონერებს მათ სასესხო პრობლემებზე სპეციალურად შემუშავებული განცხადებების დაწერასა და ბანკში წარდგენაშიც ეხმარებიან პარტიის იურისტები.