საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ფრანგი ჯარისკაცები უკრაინაში არ გაიგზავნებიან – ამის შესახებ მაკრონმა უცხოურ მედიასთან განაცხადა.
უცხოურ გამოცემასთან საუბრისას, საფრანგეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეეხო თავის განცხადებას, რომ პარიზში გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მომავალში არაფერია გამორიცხული.
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ განვიხილავთ ფრანგი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნას, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიწყებთ დისკუსიებს და ვფიქრობთ ყველაფერზე რისი გაკეთებაცაა შესაძლებელი უკრაინის მხარდასაჭერად“, – თქვა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პარიზში გამართული შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ ხუთ ისეთ მიმართულებაზე, სადაც უფრო მეტის გაკეთება სურთ, ესენია: კიბერთავდაცვა, უკრაინაში ერთობლივი სამხედრო ტექნიკის წარმოება, იმ ქვეყნების უსაფრთხოება, რომლებსაც ემუქრებათ რუსეთისგან თავდასხმა, კერძოდ კი მოლდოვა, ასევე უკრაინის მხარდაჭერა ბელარუსის საზღვარზე და განაღმვითი ოპერაციები.
„ამის გარდა, მე ყოველთვის მკაფიოდ განვსაზღვრავდი ჩვენს ჩარჩოებს: ჩვენ არ ვიბრძვით რუსი ხალხის წინააღმდეგ და უარს ვამბობთ ესკალაციის ლოგიკაში შესვლაზე“, – თქვა მაკრონმა.