თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში მაშველების მიერ, გადარჩენილი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
20 წლამდე გოგო კლინიკა „თერჯოლამედშია“ გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ის ერთ-ერთია მათგან, ვინც მდინარეში მეგობრების დასახმარებლად შევიდა.
ოთხი ადამიანი, მათ შორის, სამი სკოლის მოსწავლე და ასაკოვანი კაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.
უბედური შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტში, გუშინ, მოხდა.
სამწვერას ჩანჩქერის დასათვალიერებლად წასულებიდან ერთს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. მის გადასარჩენად მდინარეში ოთხი ადამიანი გადახტა.
მაშველებმა, მხოლოდ, ერთის გადარჩენა მოახერხეს. დაღუპულებს შორის არიან, საზანოში მცხოვრები მამა, მისი ქალიშვილი და გოგოს მეგობრები, რომლებიც სოფელში სტუმრად ჭიათურიდან იყვნენ ჩასულები.
ფაქტზე გამოძიება, სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.