ექსპერტს, რომელიც 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდა, ბრალი დაუმძიმდა. სამსახურეობრივი გულგრილობის გარდა, ახლა მას მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლასაც ედავებიან, რაც ოთხწლიანი პატიმრობით ისჯება. გამოძიების ვერსიით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა საექსპერტო ნიმუშები სათანადოდ ვერ შეინახა, რის გამოც მტკიცებულებები ხელმეორედ კვლევისთვის ვეღარ გამოიყენეს.
ექსპერტისთვის ბრალდების შეცვლას ოჯახი და მათი ინტერესების დამცველი ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" მოითხოვდა. თავდაპირველად, ექსპერტს ბრალი სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.
უკვე ერთ წელზე მეტია, ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიდის. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბავშვის სხეულზე აღმოჩენილია 40-მდე სხვადასხვა სახის დაზიანება, რომელიც ბავშვს სიცოცხლის პერიოდში აქვს მიღებული და ემთხვევა მისი გარდაცვალების დროს.
რაც შეეხება ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზს, დასკვნის თანახმად, გარდაცვალების ფაქტის დადგომა დაკავშირებულია ასფიქსიასთან.