სახალხო დამცველი მიესალმება კანონპროექტის ინიცირებას, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან პროკურორების მიერ ჩადენილ გარკვეული დანაშაულების გამოძიებასაც ითვალისწინებს

27 თებერვალი 2024, 17:43 368 ნახვა

სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებას, რომელიც ითვალისწინებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობის გავრცელებას პროკურორების მიერ ჩადენილ გარკვეულ დანაშაულებზე.

სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, 2022 წელს, სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ, ეუთო/ოდირის დასკვნაში, სხვა საკითხებთან ერთად, აღინიშნა, რომ გაუგებარი იყო, თუ რატომ გამოირიცხა პროკურორების მიერ მკვლელობის, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების, ძალადობის, გაუპატიურების და ტრეფიკინგის, მუქარის სავარაუდო ფაქტების გამოძიება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის კომპეტენციიდან, მაშინ როდესაც, საგამოძიებო უწყების მანდატი სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ ანალოგიურ დანაშაულებს ფარავდა. სახალხო დამცველმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ეფექტიანი გამოძიების წარმართვისთვის საკმარისი გარანტირების უზრუნველყოფის საკითხზე, სადაც ხსენებული ცვლილების საჭიროებაზეც იყო ხაზგასმა.

სახალხო დამცველი დადებითად აფასებს დაგეგმილ ცვლილებას და იმედოვნებს, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ხსენებულ კანონპროექტს. ამავდროულად, მოუწოდებს პარლამენტს, გაითვალისწინოს სახალხო დამცველისა და ეუთო/ოდირის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისკენ მიმართული სხვა რეკომენდაციებიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი