ტყუილია, რომ ანტიკორუფციული ბიურო და მისი ხელმძღვანელი ექვემდებარება პრემიერ-მინისტრს - შალვა პაპუაშვილი

26 თებერვალი 2024, 12:08 428 ნახვა

შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული დოკუმენტი გააცნო, რომელიც „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა“ და „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონებში ცვლილებს ეხება.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ჩატარდა სამუშაო შეხვედრები, გაითვალისწინეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და შესაბამის კანონებში ცვლილებებთან დაკავშირებით შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც დღეს ბიუროს წარედგინება.

„მინდა საზოგადოებას გავაცნო ის სიახლეები, რომელიც გამომდინარეა ვენეციის კომისიის დასკვნის და ჩვენი დისკუსიის ამ ფორმატში აისახა კანონპროექტში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემთხვევაში, ორივე სამსახურს მიენიჭება უფლებამოსილება რომ შეადგინონ და გამოაქვეყნონ სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რაც მათ საქმიანობას უკავშირდება და მათ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ და ეს არ იქნება არა მხოლოდ წლიური ანგარიშები, არამედ შეეძლებათ ნებისმიერ მომენტში სპეციალური ანგარიშების გამოქვეყნება. მეორე, სახალხო დამცველს ენიჭება უფლებამოსილება საკონკურსო კომისიაში, რომელმაც სამსახურების ხელმძღვანელები უნდა შეარჩიოს, ნებისმიერ დასანიშნი წევრი არასამთავრობო სექტორიდან კონკურსის გარეშე შეარჩიოს პირადად მან.

 

გარდა ამისა, იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები იმისთვის, რომ უფრო მეტი დრო იყოს განსჯისთვის. მეოთხე, იზრდება საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი და დამსწრეთა უმრავლესობიდან სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე გაიზრდება. მეხუთე, იზრდება საქართველოს პარლამენტის მიერ ამ ორი სამსახურის უფროსისთვის იმუნიტეტის შეჩერების გადაწყვეტილების კვორუმი და დამსწრეთა უმრავლესობიდან გაიზრდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. მეექვსე, იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა და მის ქვემდებარეობაში იქნებიან ასევე პროკურორები იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, ტყუილია, რომ ანტიკორუფციული ბიურო და მისი ხელმძღვანელი ექვემდებარება პრემიერ-მინისტრს.

"კანდიდატურებს არჩევს კომისია. კომისიაში შედის, მათ შორის, სახალხო დამცველის წარმომადგენელი და სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი. ბატონი რაჟდენ კუპრაშვილის არჩევის დროს, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას. ასე რომ, აქ არანაირი კითხვის ნიშნები არ არის და კიდევ ერთხელ, დამოუკიდებლობა განისაზღვრება არა იმით, როგორ ხდება შერჩევა, არამედ იმით თუ რა გარანტიები არსებობს ამ თანამდებობაზე. სწორედ ეს გარანტიები დაზუსტდა და განმტკიცდა ამ კანონპროექტის მეშვეობით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განცხადებით,  არაფერი ესაქმება უცხო ქვეყანას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დაკომპლექტებაში.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, დონორები მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების პირით ამბობენ, რომ მათ უნდა დანიშნონ მოსამართლეები საქართველოში, რაც მისივე შეფასებით, სუვერენიტეტის პატივისცემის ყველანაირ ზღვარს ნელ- ნელა სცდება.

„მგონი ოპოზიცია და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ადასტურებს თუ რა ცუდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ზედმეტ დამოკიდებულებას უცხოურ ფულზე. დღეს ოპოზიცია ფაქტობრივად გვთავაზობს სუვერენიტეტის დათმობას მაშინ, როცა ამბობს, რომ უცხოელებმა უნდა დანიშნონ საქართველოში მოსამართლეები. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს 30 წლიან დამოუკიდებლობის ისტორიას, ჩვენს ისტორიულ მისწრაფებებს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს ნიშნავს, რომ მათთვის სახელმწიფო საქართველო არ არსებობს. უნდათ ვიყოთ ერთი ჭანჭიკი სხვებისთვის"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი