რუსი მფრინავი მაქსიმ კუზმინოვი, რომელმაც 2023 წლის ზაფხულში უკრაინაში რუსეთის არმიის ვერტმფრენი „მი-8“ გადაიყვანა, ესპანეთში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი ადასტურებს. დაზვერვის სამსახურში კუზმინოვის გარდაცვალების გარემოებებზე კომენტარს არ აკეთებენ.
კუზმინოვის მიერ მართული ვერტმფრენის უკრაინაში გადასვლა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ხანგრძლივი სპეცოპერაციის შედეგი იყო.
მფრინავთან ერთად ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ორი წევრი, რომლებმაც არ იცოდნენ, სად მიფრინავდა სინამდვილეში ვერტმფრენი. კუზმინოვი ამბობდა, რომ უკრაინის მხარეს გადასვლა 2022 წლის დეკემბრის ბოლოს გადაწყვიტა.