უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 23 დრონი ჩამოაგდეს. 10 თებერვლის ღამეს, რუსებმა უკრაინის მიმართულებით Shahed-ის ტიპის 31 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 23 უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს. რუსების მიერ განხორციელებული შეტევების ძირითად მიმართულებებს ხარკოვისა და ოდესის ოლქები წარმოადგენდა.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში რუსებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ 73 საჰაერო დარტყმა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით 76 შეტევა განახორციელეს.
სულ, ფრონტის ხაზზე 111 სამხედრო შეტაკება მოხდა.
რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს, დაიღუპა 7 ადამიანი. ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი ავრცელებს.
დარტყმის შედეგად ხანძარი ბენზინგასამართ სადგურსა და 15 საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
დაღუპულთა შორის, 3 ბავშვია. იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსების თავდასხმის შედეგად გამოწვეული ხანძრის ფართობი დაახლოებით 3700 კვადრატული მეტრი იყო და 50 ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა.