მწუხარებას გამოვთქვამ გარდაცვლილი ორი მოქალაქის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს - თორნიკე რიჟვაძე

06 თებერვალი 2024, 15:47 669 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

მისივე განმარტებით, სტიქიის ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, მუშაობს საგანგებო სიტუაციების სამსახური, მობილიზებულია ტექნიკა.

"რთული მეტეოროლოგიური პირობების და დიდთოვლობის გამო, დღეს რეგიონში მძიმე ვითარება გვაქვს. ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ წონიარისში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი.

ხულოს მუნიციპალიტეტში კი სოფელ თხილვანაში ზვავმა ორი ადამიანი მოიყოლა, გარდაიცვალა ქალბატონი. მეორე პირი კი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გარდაცვლილი ჩვენი ორი მოქალაქის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს.

სტიქიის ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, მუშაობს საგანგებო სიტუაციების სამსახური, მობილიზებულია ტექნიკა.

მოსახლეობას ვთხოვ, გზებზე გადაადგილებისგან ამ ეტაპზე მაქსიმალურად შეიკავონ თავი. ყველაფერს ვაკეთებთ მოსახლეობის დასახმარებლად და სტიქიასთან გასამკლავებლად", - აღნიშნავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი