მთავრობამ და პარლამენტმა რეკომენდაციების შესრულების გეგმა ერთობლივად შევადგინეთ, გავყვებით იმ გეგმას, რომელიც მთავრობის მიერ არის ოფიციალურად დამტკიცებული - კობახიძე

06 თებერვალი 2024, 13:18 366 ნახვა

მზად ვართ, თუნდაც ერთპარტიულად შევასრულოთ ევროკავშირის ცხრა მოთხოვნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კარგი იქნება თუ სხვა პარტიებიც ჩაერთვებიან, თუმცა, მისივე თქმით, მათ აირჩიეს რადიკალური დღის წესრიგი.

„თავის დროზე ჩვენ პრაქტიკულად, თითქმის ერთპარტიულად მოვახერხეთ 12 პუნქტის შესრულება, რის საფუძველზეც მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. ახლაც მზად ვართ, თუნდაც ერთპარტიულად შევასრულოთ ცხრა მოთხოვნა, რომელიც წამოაყენა ევროკავშირმა. კარგი იქნება, თუ სხვა პარტიების ჩართულობა იქნება. თუმცა, „ლელოს“ და მსგავსი რადიკალური პარტიების იმედი ჩვენ არც წარსულში გვქონდა და ვერც მომავალში გვექნება. მათ აირჩიეს საკუთარი რადიკალური დღის წესრიგი და ალბათ გაჰყვებიან ამ რადიკალურ დღის წესრიგს“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა და შესაბამისად, მთავრობის მიერ ოფიციალურად დამტკიცებულ გეგმას გაყვებიან.

„9-პუნქტიანი გეგმა თავის დროზე ერთობლივად შევადგინეთ. მთავრობა და პარლამენტი ერთად ვიყავით ჩართული ამ გეგმის მომზადებაში და გავყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც მთავრობის მიერ არის ოფიციალურად დამტკიცებული. რაც შეეხება ვადებში მცირე აცდენებს, ამ აცდენებთან დაკავშირებით გვქონდა სამუშაო ფორმატში, მათ შორის ოპოზიციასთან საუბარი. თუ რაღაც საკითხები საჭიროებს მეტ კონსულტაციებს, მზად ვართ, მეტი დრო დავუთმოთ. ფორმალურად არ გავყვებით ვადებს. თუ მეტი კონსულტაციების საჭიროება იქნება, ამ შემთხვევაში გაგრძელდება კონსულტაციები. მთავარია, ხარისხიანი შედეგი მივიღოთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ ჰიბრიდულ სტრატეგიას ეფუძნება მთელი რიგი სხვადასხვა პროვოკაცია

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა სახელმწიფოს.

„კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა სახელმწიფოს, ეს არის მოკლე კომენტარი, რაც შემიძლია, ამასთან დაკავშირებით გავაკეთო. ის ყოველ ჯერზე უპირისპირდება სახელმწიფო ინტერესებს, მათ შორის სიცრუის ტირაჟირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე დღეს პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პრეზიდენტის წლიურ მოხსენებას დაესწრო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი