სოფელ თხილვანაში ზვავი ჩამოწვა - დაიღუპა ერთი ადამიანი

06 თებერვალი 2024, 12:00 889 ნახვა

ხულოში, სოფელ თხილვანაში ზვავი ჩამოწვა. თოვლის მასამ საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 60 წლამდე ქალი, რომელიც სახლში იმყოფებოდა.

ხულოს მერის განმარტებით, თოვლის ქვეშ მოჰყვა ერთი საცხოვრებელი სახლი, დამხმარე ნაგებობებით.

მისივე თქმით, სახლში ორი ადამიანი ცხოვრობდა. მამაკაცმა სახლიდან გამოსვლა მეზობლების დახმარებით შეძლო, ქალის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.

"თოვლის საფარი სოფელში ერთ მეტრს აღემატება. ამ დროისთვის გარდაცვლილი გადასვენებულია მეზობლის საცხოვრებელ სახლში და მიმდინარეობს სხვა სამაშველო სამუშაოები. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც თავდაუზოგავად იმუშავა, რომ დროულად მომხდარიყო დაზარალებულების დახმარება. 

 

სოფელში მუშაობს რამდენიმე ერთეული ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენ ვიმყოფებით შემთხვევის ადგილას და მაქსიმალურად ვცდილობთ პროცესის დაჩქარებას.

 

ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით რამდენიმე მიმართულებით არის მცირედი შეფერხებები, თუმცა მასშტაბური გათიშვა არ არის",- განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

მაღალმთიან აჭარაში, თოვლისა და ძლიერი წვიმის გამო, მეწყრული პროცესები განვითარდა კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე.

სოფელ წონიარისში განვითარებულმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია. აჭარის  მაუწყებლის ინფორმაციით, სახლში მცხოვრები პირი კონტაქტურია. მაუწყებელი თემაზე მუშაობს და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი