ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 46-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 200-მდე ადამიანი. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა. გაბრიელ ბორიჩი ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა გაიზარდოს.
ადგილობრივი სატყეო დეპარტამენტის ინფორმაციით, მხოლოდ 3 თებერვალს ქვეყნის მასშტაბით ტყის ხანძრის 143 კერა დაფიქსირდა, რომელთა საერთო ფართობი დაახლოებით 21 ათასი ჰექტარია.
მედიის ინფორმაციით, დაზიანებულია თითქმის ათასი შენობა, განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა ქალაქი ვინია-დელ-მარი, რომელიც ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოდან 120 კილომეტრში მდებარეობს.
ექსტრემალურ სიცხეს და მის შედეგებს იანვრის ბოლოდან ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებიც განიცდიან.