მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვლება, ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის - ირაკლი კობახიძე

01 თებერვალი 2024, 14:32 544 ნახვა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილება განხორციელდება და თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ პარტიის ყრილობის შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება მთავრობას, თქვენ იცით, რომ გასული სამი წელი იყო გამორჩეულად წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის, სტაბილური გარემოს შენარჩუნება, ჩვენ მოვახერხეთ და ნომინალური ეკონომიკა გავაორმაგეთ, ეს იყო ის წარმატებები, რომელიც პირველ რიგში დაკავშირებულია მთავრობის საქმიანობასთან, პირველ რიგში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობასთან და რა თქმა უნდა, ამ წარმატებაში თავისი წვლილი მიუძღვის მთავრობის თითოეულ წევრს.

 

პირველ რიგში, ამის გათვალისწინებით, როდესაც საუბარი გვქონდა გუნდში მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით და მინდა, ხაზი გავუსვა, პირველ რიგში, რომ მთავრობის თითოეულ წევრს შევთავაზე დარჩენა, ერთადერთი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება. მე პატივს ვცემ მის პოზიციას, შესაბამისად, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება საქართველოს მთავრობაში, თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა. ეს არის ის შემადგენლობა, რომელიც ოფიციალურად წარედგინება პარლამენტს“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, სამთავრობო პროგრამა პარლამენტს ხვალ წარედგინება.

„რაც შეეხება სამთავრობო გეგმებს, შესაბამისი პროგრამა მაქსიმუმ ხვალ წარედგინება ოფიციალურად პარლამენტს, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია. იქ იქნება ასახული აბსოლუტურად ყველა პრიორიტეტი. საუბარია ათთვიან პროგრამაზე და მას შემდეგ, რაც მოვიგებთ საპარლამენტო არჩევნებს, იქ უკვე წარვადგენთ განახლებულ ოთხწლიან ჯერ საარჩევნო და შემდეგ სამთავრობო პროგრამას.

 

პირველი რიგის ამოცანა იქნება იმ ღონისძიებების ბოლომდე მიყვანა, რაც დაწყებულია, არსებული სამთავრობო პროგრამის ფარგლებში. არის მსხვილი პროექტები, მათ შორის ავტობანის პროექტი, რომელიც ბოლომდეა მისაყვანი და რა თქმა უნდა განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ამ ღონისძიებებზე. ასევე საუბარი გვექნება იმაზე, თუ როგორ მოვემზადებით შემდეგი ფაზისთვის. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამაში და შემდეგ ჩვენს გამოსვლებში, როდესაც წარვდგებით საქართველოს პარლამენტის წინაშე“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, მედიასთან კომუნიკაციის პრობლემა არ არის და გაგრძელება აქტიური კომუნიკაცია ყველა მედიასაშუალებასთან.

„ჩვენ მედიასთან კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს. ყველა კითხვას ვპასუხობთ და გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, აქტიურ კომუნიკაციას ყველა მედიასაშუალებასთან, განურჩევლად მათი კომერციული კუთვნილებისა“, - განაცხადა კობახიძემ.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი