თელ-ავივში, ისევე როგორც მთელ ისრაელსა და მსოფლიოში "ჰამასის" ტყვეობის მეასე დღეს ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა და ღაზაში გატაცებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებიდან ზუსტად 100 დღის წინ "ჰამასმა" დაარბია ისრაელის სასაზღვრო თემები, არმიის ბაზები და მუსიკალური ფესტივალი, დახოცა ათას 200-ზე მეტი და გაიტაცა 240, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქე.
24-საათიანი აქციას სახელწოდებით "ჯოჯოხეთის 100 დღე" მძევალთა ოჯახის წევრებთან ერთად ათასობით მოქალაქე შეუერთდა. 240 მძევლიდან, რომლებიც 7 ოქტომბერს გაიტაცეს, 130-ზე მეტი კვლავ ღაზაში ჰამასის ტყვეობაში რჩება.
"ჰეზბოლას" ლიდერი კი აცხადებს, რომ აშშ ცდება, თუ ფიქრობს, რომ "ჰუსიტები" შეწყვეტენ ისრაელთან დაპირისპირებას წითელ ზღვაში.
მისივე თქმით, აშშ-ის ქმედებები ზიანს აყენებს მთლიანად საზღვაო ნავიგაციის უსაფრთხოებას.
"უფრო საშიში ისაა, რაც ამერიკელებმა გააკეთეს წითელ ზღვაში. ეს დააზარალებს მთლიანად საზღვაო ნავიგაციის უსაფრთხოებას, მათ შორის იმ გემების, რომლებიც არ მიდიან პალესტინაში, მათ შორის იმ გემების, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ამ საქმესთან, რადგან ზღვა იქცა საბრძოლო თეატრად, რაკეტებით, უპილოტო საფრენი აპარატებითა და საბრძოლო ხომალდებით“, - აღნიშნა „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელეს. როგორც ჯო ბაიდენმა განმარტა, ავიაიერიშები იყო პასუხი „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.