პოლიტიკოსებს შორის ისევ განხილვის მიზეზია რას ემსახურებოდა დანიის ელჩის განცხადება, რომლითაც მან ბიძინა ივანიშვილი რუსეთში გამდიდრებულ ოლიგარქად მოიხსენია და რის გამოც დიპლომატი საგარეო უწყებაში და დაიბარეს.
ოპოზიციაში უარყოფითად აფასებენ დანიელი დიპლომატის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას, საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებული სტატია დეზინფორმაციაა და ცდილობს ჩრდილი მიაყენოს ქვეყანას.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კი ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობებს და არაობიექტურ შეფასებებს, და რომ პუბლიკაცია ცალკეული პოლიტიკური ძალის მხრიდან პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის გამოიყენეს.