2023 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.4% შეადგინა - საქსტატი

03 იანვარი 2024, 12:20 501 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.4 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.9 პროცენტით განისაზღვრა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე.

მათივე ცნობით, ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.7 პროცენტიანი კლება, რაც -0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები -19.2 პროცენტით შემცირდა ზეთსა და ცხიმზე. ბოსტნეული და ბაღჩეული -9.8 პროცენტით გაიაფდა. ფასების -8.0 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა პურსა და პურპროდუქტებზე. რძე, ყველი და კვერცხი -3.3 პროცენტით გაიაფდა, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული -3.1 პროცენტით.

ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე 17.3 პროცენტით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 5.6 პროცენტით, მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე – 3.3 პროცენტით.

„რაც შეეხება სხვა ჯგუფებს, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც 0.65 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (7.8 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (6.0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.7 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.1 პროცენტით, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.3 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (6.1 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (5.7 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.8 პროცენტით, რაც -0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-8.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა (5.8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (5.6 პროცენტი)“, – აცხადებენ საქსტატში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი