ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი სამი თეთრით შემცირდა.
მათივე ინფორმაციით, ტარიფი დაიკლებს ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის, ასევე კომერციული აბონენტებისთვისაც.
შესაბამისად, 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით, დენის ტარიფი იქნება 15 თეთრი; 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის – 19 თეთრი; აბონენტებისთვის, რომლებიც 301 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი 23.5 თეთრი იქნება.
„ელექტროენერგიის ტარიფების შემცირებაზე გავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში, მაღალი ჰიდროლოგიის მაჩვენებლებმა, ასევე 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ“, - აცხადებენ სემეკ-ში.
ელექტროენერგიაზე შემცირებული ტარიფი 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში.