გაერო-ს უშიშროების საბჭომ გადადო ორშაბათს დაგეგმილი კენჭისყრა რეზოლუციაზე, რომელიც ღაზაში საომარი მოქმედებების მდგრად შეწყვეტას მოითხოვს. უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების მიზეზი აშშ-ის პოზიცია გახდა, რომელიც რეზოლუციის პროექტის ფორმულირებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავს. კერძოდ, შეერთებული შტატები აცხადებს, რომ მხარს ვერ დაუჭერს „საომარი მოქმედებების შეწყვეტის“ შესახებ მითითებას, თუმცა, შესაძლოა, დაეთანხმოს „საომარი მოქმედებების შეჩერების“ მოწოდებას. არაბული ქვეყნების განცხადებით, რომლებიც რეზოლუციის ტექსტზე მოლაპარაკებას მართავდნენ, წამახალისებელია იმის ხილვა, რომ თეთრი სახლი აშკარად ცდილობს იპოვოს ფორმულირება, რომელსაც შეუძლია მხარი დაუჭიროს, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ ვეტო გამოიყენოს, როგორც მან ეს 18 ოქტომბერსა და 9 დეკემბერს გააკეთა.