გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა უკრაინაში სიტუაციას მიეძღვნა

10 დეკემბერი 2025, 13:29 136 ნახვა

ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც  უკრაინაში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციას მიეძღვნა,  აღინიშნა, რომ 2025 წელი უკრაინის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი იყო. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით გაიზარდა.

გაეროში უკრაინის ელჩმა ანდრეი მელნიკმა ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ყველა სხვა მშვიდობისმოყვარე ქვეყანას მოუწოდა  მასშტაბური  მეორადი სანქციების დაწესებისკენ  ყველა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც აფინანსებს რუსეთის ომის  მანქანას.

რაც უფრო ფართო იქნება სახელმწიფოთა კოალიცია, რომელიც უარს იტყვის რუსული აგრესიის სუბსიდირებაზე ენერგორესურსების იმპორტით, მით უფრო მალე დასრულდება ეს ომი - განაცხადა მელნიკმა.

გაეროში რუსეთის ელჩის, ვასილი ნებენზიას თქმით, უკრაინელებს ახლა კიდევ უფრო მაღალი ფასის გადახდა უწევთ.

კაცები, რომლებსაც ბრძოლა არ სურთ, ქუჩებში იტაცებენ და მათ ისინი უაზრო, ძმათამკვლელ ხორცსაკეპ მანქანაში გზავნიან. ნებენზია აცხადებს, რომ  მაგიდაზე საკმაოდ რეალისტური წინადადებებია უკრაინის კონფლიქტის გრძელვადიანი დარეგულირებისთვის. რუსეთის ელჩი  უკრაინის ევროპელ მოკავშირეებს სამშვიდობო პროცესის დაბლოკვაში ადანაშაულებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი