ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთო რეგიონულ კეთილდღეობას-პრემიერი

30 ნოემბერი 2023, 10:59 479 ნახვა

ეროვნული ეკონომიკა 2012 წლიდან სამჯერ გაიზარდა, 2023 წლის ბოლოს მშპ მოსალოდნელია 8 000 დოლარს გაუტოლდეს, ხოლო უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ ნიშნულამდე შემცირდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ფაქტობრივად, ჩვენი თანმიმდევრული და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით, საქართველომ წარმატებით შეინარჩუნა ეკონომიკური სტაბილურობა და რეგიონული, გლობალური მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად მოხდა ეს. ზოგიერთი ჩვენი მიღწევის საილუსტრაციოდ, ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პანდემიის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა აღდგა ორნიშნა ზრდის ტემპით. 10%-ზე მეტი იყო ზრდა 2021-2022 წლებში. ჩემმა მთავრობამ ეს დადებითი ტენდენცია 2023 წელსაც შეინარჩუნა. პირველ 9 თვეში 7%-იანი საშუალო ზრდის ტემპით, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი 1%-ზე დაბლა მოაქცია.

 

მთლიანობაში, ეროვნული ეკონომიკა 2012 წლიდან სამჯერ გაიზარდა. 2012 წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 27 მილიარდი ლარი იყო, ხოლო 2024 წელს 86 მილიარდ ლარს მიაღწევს. 2023 წლის ბოლოს მშპ მოსალოდნელია 8 000 დოლარს გაუტოლდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ რაღაც სამ წელიწადში ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა. გარდა ამისა, ჩვენმა საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ ნიშნულამდე შემცირდა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, " ქართული ოცნების" მთავრობა აქცენტს აკეთებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობაზე, ღირებულებების გლობალურ ჯაჭვში ქვეყნის ინტეგრირებაზე, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნებასა და ქვეყნის სატრანზიტო და განახლებადი ენერგიის პოტენციალის ეფექტურ გამოყენებაზე.

„იმ პირობებში, როდესაც შუა დერეფნის მნიშვნელობა იზრდება, როგორც სტაბილური მარშრუტების ალტერნატივა, მზად ვართ განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები. ხელი შევუწყოთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას. მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელი, შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი.

ვაღიარებთ, რომ მრავალი ბარიერი კვლავაც აფერხებს საქონლის, სატრანზიტო საშუალებებისა და ფიზიკური პირების სწრაფ მოძრაობას ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის ქვეყნებს შორის. შუა დერეფნის უხარვეზო ფუნქციონირება მოითხოვს ერთობლივი გამშვები პუნქტების, ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც მეზობელ ქვეყნებს საშუალებას მისცემს ერთი ფანჯრის პრინციპით სინქრონულად გაატარონ ტვირთები"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ხაზი გავუსვა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამისა და აზიის განვითარების ბანკის გადამწყვეტ როლს რეგიონული ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში.

"აღსანიშნავია, რომ ორივეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში განხორციელებულ უამრავ პროექტსა და ღონისძიებაში. მას შემდეგ, რაც საქართველო 2016 წელს ცენტრალური აზიის თანამშრომლობის რეგიონულ პროგრამას შეუერთდა, დაახლოებით, 3 მლრდ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული საქართველოში. სასიხარულოა იმის აღნიშვნა, რომ ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობის პროგრამის ძირითადი პოლიტიკის მიმართულება ზედმიწევნით შეესაბამება საქართველოს მისწრაფებას, გახდეს რეგიონული ცენტრი, რომელიც წარმოჩნდება როგორც გამარტივებული და დაჩქარებული სავაჭრო და სატრანზიტო მაარშრუტი ევროპასა და აზიას შორის “, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ იმართება ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალი, რომელსაც წელს საქართველო მასპინძლობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი