დღეის მდგომარეობით, ქვეყნის ხორბლით მომარაგების კუთხით, არავითარი პრობლემა არ არსებობს და სასურსათო უსაფრთხოება დაცულია - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია

20 ნოემბერი 2023, 10:41 605 ნახვა

დღეის მდგომარეობით, არავითარი პრობლემა ქვეყნის ხორბლით მომარაგების კუთხით არ არსებობს და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება სრულად არის დაცული - განცხადებას ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, არსებული ორთვიანი მარაგები შესაბამისობაშია გაერო-ს რეკომენდაციებთან.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს, თითქოს რუსეთიდან ხორბლის იმპორტის შეფერხების შემთხვევაში, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას, რადგან ხორბლის მოწოდების ძირითადი წილი ამ ქვეყნიდან ხორციელდება. საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით, არავითარი პრობლემა ქვეყნის ხორბლით მომარაგების კუთხით არ არსებობს და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება სრულად არის დაცული. არსებული ორთვიანი მარაგები შესაბამისობაშია გაერო-ს რეკომენდაციებთან და უზრუნველყოფილია წისქვილკომბინატების სტაბილურ მუშაობაზე დაყრდნობით.

კერძოდ, საქართველოს წისქვილკომბინატებსა და ელევატორებში არსებობს ორი თვის მოხმარების სასურსათო ხორბლის მარაგები, რომელიც ხარჯვის პარალელურად, მუდმივად ივსება და ეს უწყვეტი პროცესია. ქართველ ფერმერებთან დამატებით ინახება დაახლოებით ერთი თვის მოხმარების სასურსათო ხორბალი. ხორბლის ფასი მსოფლიო და რეგიონულ ბაზრებზე არის სტაბილური. ქვეყანაში შეუფერხებლად და საკმარისი რაოდენობით ხორციელდება ხორბლის და ფქვილის იმპორტი.

რაც შეეხება უმეტეს წილად ხორბლისა და ფქვილის რუსეთიდან შემოსვლას, დღეს რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტი ხორციელდება პროდუქციის ყველაზე დაბალი ფასის გამო. გარდა რუსეთისა, მუდმივი კონტაქტი და მონიტორინგი გვაქვს სულ მცირე, სამ ახლომდებარე ალტერნატიულ ქვეყანასთან, ესენია – რუმინეთი, უკრაინა და ყაზახეთი, თუმცა დღესაც და ბოლო წლების განმავლობაში ეს ბაზრები შედარებით მაღალ ფასს გვთავაზობენ (შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს რუსეთთან ხორბლის ტრანსპორტირების სიძვირე).

წისქვილკომბინატების სტაბილური მუშაობის პირობებში, არც დღეს და არც შემდგომში არავითარი პრობლემა ხორბლით ქვეყნის მომარაგების კუთხით არ არსებობს, რადგან წისქვილკომბინატების მუშაობის ბიზნესპროცესები თავის თავში გულისხმობს ხორბლის ფქვილად გადამუშავების (ხარჯვის) პარალელურად, გარდამავალი მარაგების მუდმივ შევსებას (მოქმედებს სამკომპონენტიანი უწყვეტი მომარაგების სქემა: წისქვილში არსებული ხორბლის გადამუშავება ფქვილად -გზაში მომავალი ხორბალი – ახალი ხორბლის პარტიის შესაძენად კონტრაქტის დადება). ზემოთ აღნიშნული სქემით ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში, ხდება სხვა ალტერნატიულ ბაზრებზე მყისიერი გადასვლა და ბაზრის ავტომატური დივერსიფიცირება, რაზეც საკმარისზე მეტი დრო არსებობს, ხორბლის ორთვიანი მარაგის ხარჯზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში ასევე აცხადებენ, რომ წისქვილკომბინატების ინდუსტრიის შეუფერხებელი მუშაობა სრულად არის უზრუნველყოფილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი