2024 წელს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე გათვალისწინებულია 790 მილიონი ლარი - ლაშა ხუციშვილი

15 ნოემბერი 2023, 17:21 836 ნახვა

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულების დასაფინანსებლად 2024 წელს, ჯამში 2,070 მილიარდ ლარია გამოყოფილი.

მისი თქმით, გამოყოფილი ჯამური თანხიდან სკოლების და ინკლუზიური განათლების დაფინანსებას მოხმარდება 1,336 მილიარდი ლარი, რაც 170 მილიონით აღემატება 2023 წლის დაფინანსების მოცულობას.

მინისტრის განმარტებით, 2024 წელს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე გათვალისწინებულია 790 მილიონი ლარი, საიდანაც 451 მილიონი ლარი მოხმარდება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას.

მისივე განმარტებით, გაზრდილი დაფინანსების უდიდესი ნაწილი, გამოყოფილია საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასის დასარეგურირებლად.

„დაახლოებით, 2 კვირის წინ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მასწავლებლებს წარუდგინა ხელფასის გაანგარიშების ახალი მოდელი, რომლის მიხედვითაც ანაზღაურების მოცულობა დიდწილად დაკავშირებულია საგაკვეთილო საათების რაოდენობასთან. ახალი მოდელის მიხედვით, 2024-2025 სასწავლო წელს, სრულ განაკვეთზე დასაქმებულ მასწავლებელთა ანაზღაურება, საშუალოდ, გაიზრდება 500 ლარით და 1 900 ლარს გადააჭარბებს. ეს არის ერთ წელიწადში ხელფასის, დაახლოებით, 35%-იანი ზრდა, რის შემდეგაც მასწავლებლის ანაზღაურება გარკვეულწილად გაუთანაბრდება ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს. გარდა მასწავლებლების ხელფასისა, 2024 წელს გაიზრდება სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურების ხელფასებიც. კერძოდ, მანდატურების ხელფასები გაიზარდა 125 ლარით (1000 ლარიდან 1125 ლარამდე), ხოლო ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასი იზრდება 10%-ით. ასევე, გათვალისწინებულია პროფესიული კოლეჯების მასწავლებლების საათობრივი ანაზღაურების ზრდა 18 ლარიდან 20 ლარამდე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მინისტრის  განცხადებით, 2024 წელს კულტურისა და სპორტის დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 950 მლნ ლარი, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კულტურის დაფინანსებაზე მიიმართება 202 მლნ ლარი, ხოლო სპორტის დაფინანსებაზე 328 მლნ ლარი, ასევე, მუნიციპალური ბიუჯეტებიდან კულტურის დაფინანსებაზე მიიმართება 205 მლნ ლარი, ხოლო სპორტის დაფინანსებაზე 215 მლნ ლარი.

ასევე, აღნიშნა, რომ  2024 წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებაზე დაიხარჯება 579 მლნ ლარი. მათ შორის: შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის დასაფინანსებლად მიიმართება 200 მლნ ლარი, ტექნიკის თანადაფინანსებისათვის 20 მლნ ლარი, ხოლო გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებისათვის 17 მლნ ლარი; მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამისთვის 54 მლნ ლარი; დანერგე-მომავლის დასაფინანსებლად 26 მლნ ლარი, ხოლო აგროდაზღვევისათვის 12 მლნ ლარი; თხილის წარმოების და მერძევეობის ხელშეწყობისათვის 20-20 მლნ ლარი; სურსათის უვნებლობისა და მცენარეთა დაცვისათვის 64 მლნ ლარი; სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციისთვის 79 მლნ ლარი.

ლაშა ხუციშვილმა ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვის მიმართულების დაფინანსებაზე. მისივე თქმით, 2024 წელს გარემოს დაცვის მიმართულებაზე დაიხარჯება 650 მლნ ლარი, მათ შორის, მუნიციპალური გარემოსდაცვითი პროგრამებისათვის 450 მლნ ლარი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი