აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მედიასთან ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის მოლოდინებზე ისაუბრა.
ბაიდენის განაცხადებით, მისი მიზანია ჩინეთთან ნორმალური კომუნიკაციის აღდგენა, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისითაც.
„მიზანია, რომ დავუბრუნდეთ კომუნიკაციის ჩვეულებრივ კურსს, შეგვეძლოს დარეკვა და საუბარი ერთმანეთთან კრიზისის დროს. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს სამხედროებს კვლავ აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი. როგორც გითხარით, ჩვენ არ ვცდილობთ ჩინეთისგან გამოყოფას, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვცდილობთ, არის ურთიერთობების უკეთესობისკენ შეცვლა“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენი და სი ძინპინი ერთმანეთს 15 ნოემბერს შეხვდებიან. ორი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკებები სან-ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე გაიმართება.