სოფელ წაბლანაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს წინ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ აგვისტოში ავტოსაგზაო შემთხვევისას ადგილზე გამოცხადებულმა საპატრულო ეკიპაჟმა ჯარიმა წაბლანის მკვიდრს პირადი ინტერესით და უსამართლოდ გამოუწერა. როგორც შემთხვევის მონაწილე განმარტავს, ავტოსაგზაო შეჯახების დროს იგი დამნაშავე არ იყო, პოლიციამ კი სამართალდამრღვევად სცნო. შეკრებილები ოქმის ბათილად ცნობას მოითხოვენ. საქმეზე გადაწყვეტილება ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ხვალ გამოცხადდება.