ჩვენი ხელისუფლება რომ ყოფილიყო 2008 წელს, ომი არ მოხდებოდა, არ დავკარგავდით არც კოდორის ხეობას, 100-ზე მეტ სოფელს, არც ამდენი ადამიანი დაიხოცებოდა - პრემიერი

08 ნოემბერი 2023, 17:43 536 ნახვა

ჩვენი ხელისუფლება რომ ყოფილიყო 2008 წელს, ომი არ მოხდებოდა, არ დავკარგავდით არც კოდორის ხეობას, 100-ზე მეტ სოფელს და ამდენი ადამიანი არ დაიხოცებოდა, დღეს 20 პროცენტი ოკუპირებული არ იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების წამომადგენლებს არ აქვთ უფლება, რამე კრიტიკული თქვან ამჟამინდელი ხელისუფლების მისამართით.

„კიდევ ერთხელ მინდა, ჩემი გულითადი სამძიმარი გამოვუცხადო თამაზ გინტურის ოჯახს, მის ახლობლებს, მთელ საზოგადოებას. ეს არის ძალიან დიდი დანაშაული და ოკუპაციის მძიმე შედეგი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმკით. ეს არის სამწუხარო შედეგი იმ ოკუპაციისა, რომელიც დამყარდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. მე დღეს, ასეთ პოზიტიურ დღეს არ მინდოდა, მესაუბრა წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაზე, რომელიც უმძიმესია. ამ პოზიტიურ დღეს, მე არ ჩამოვთვლი მძიმე მემკვიდრეობას, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა და მძიმე დანაშაული, გამოუსწორებელი შეცდომა, თუ გნებავთ, მძიმე წარსული მემკვიდრეობა, რომელიც მათ დაგვიტოვეს, არის ოკუპაცია. ეს არის 100-ზე მეტი სოფლის ჩაბარება ოკუპანტისთვის, კოდორის ხეობის, ათი ათასობით დევნილის მიღება, ასეულობით ჩვენი თანამოქალაქის, გმირი ჯარისკაცების, პოლიციელების, სამოქალაქო პირების მკვლელობა, გარდაცვალება ამ ომში. ეს არის ის მემკვიდრეობა, რაც ჩვენ გვერგო. მოგეხსენებათ ძალიან ბევრი მათ მიერ დატოვებული, უმძიმესი დანაშაულები, მძიმე მემკვიდრეობა გამოვასწორეთ არაერთ სფეროში, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ჯერ კიდევ ვერ შევძელით გამოსწორება იმ მძიმე მემკვიდრეობისა, რასაც ჰქვია ოკუპაციის დასრულება, მაგრამ მე მჯერა ჩვენი თანმიმდევრული, გონივრული პოლიტიკის შედეგად, ჩვენ მშვიდობიანად, ხაზს ვუსვამ, მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ამორალურია ოპოზიციის ქმედება და აქციები.

„სახელმწიფო დგას გარდაცვლილი თამაზ გინტურის ოჯახის გვერდით. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით, რაც საჭიროა, მაგრამ ძნელია, შეუმსუბუქო ტკივილი მათ ოჯახს. ამორალურია ის აქციები და ქმედება, რომელიც ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის მხრიდან. მახსენდება ჯერ კიდევ მათი მმართველობის დროს რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქის მკვლელობის ფაქტი ასევე საოკუპაციო ძალის მიერ, მაგრამ არ მახსენდება მათ მიერ ასეთივე აჟიოტაჟი, რომელიც დღეს ატეხეს. გარდაცვლილი თამაზ გინტური, სამწუხაროდ, არ ყოფილა პირველი და მანამდეც, წინა ხელისუფლების დროსაც, სამწუხაროდ, ჩვენ გვახსოვს ძალიან მძიმე ფაქტები ჩვენი თანამოქალაქეების გატაცების, უკანონო დაკავებისა და მოკვლის. რატომღაც აღარ ახსენდებათ ამ ადამიანებს, რომ მათი მმართველობის დროს მოხდა ეს ყველაფერი და ეს არის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც მათ დაგვიტოვეს – ოკუპაცია, ბორდერიზაცია, მათ შორის, სოფელი კირბალი აგვისტოს ომამდე ჩვენი კონტროლირებადი იყო და დღეს ვხედავთ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ აღმოჩნდა საოკუპაციო ზოლის მეორე მხარეს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების წამომადგენლებს არ აქვთ უფლება, რამე კრიტიკული თქვან ამჟამინდელი ხელისუფლების მისამართით.

"მათ ყველაზე მძიმე დანაშაულებები ჩაიდინეს, მიატოვეს კოდორის ხეობა, ჩახოცეს ჩვენი გმირი ჯარისკაცები, 100-ზე მეტი სოფელი ჩააბარეს და რუსული ჯარი, რომელიც გასული იყო, 2007 წელს დატოვა რუსულმა ჯარმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, შემოაბრუნა რამდენიმე თვეში მათმა უგუნურმა ქმედებამ. ეს მოღალატე გამყიდველი ხელისუფლება, „ნაცმოძრაობის“ სახით, აძლევდა სტრატეგიულ ობიექტებს რუსულ კომპანიებს, ფეხქვეშ ეფინებოდა, ომის დროს მიწაზე გართხმული პრეზიდენტი გვახსოვს, თავად ემუდარებოდა რუს ტურისტებს, რომ შემოსულიყვნენ საქართველოში. ამიტომ აქ საუბარია ორმაგ და ათმაგ სტანდარტებზე. საინტერესო აღარაა მათი განცხადებების მოსმენა. მათ არ აქვთ უფლება, რამე კრიტიკული თქვან ჩვენი ხელისუფლების მისამართით. ჩვენ მათ გამრუდებულს ვასწორებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი