ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს

07 ნოემბერი 2023, 15:02 530 ნახვა

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული თამაზ გინტურის ცხედარი მშობლიურ სოფელ კირბალში გადაასვენეს. მოკლული თამაზ გინტურის ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ მომხდარის დეტალები მათთვის უცნობია.

ადგილობრივების განცხადებით, ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს ტყვიები ზურგში აქვს მოხვედრილი, მისი მანქანა კი, დაცხრილულია. ცნობისთვის, 58 წლის მამაკაცი აგვისტოს ომის ვეტერანია. ამავე სოფლის მკვიდრია უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილიც.

ახლობლები იხსენებენ, რომ მამაკაცებმა სოფელი დაახლოებით 17 საათისთვის დატოვეს და ეკლესიისკენ წავიდნენ.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას ოკუპანტებმა ისროლეს და საქართველოს მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრეს.

სოფელ კირბალში ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტი გაემგზავრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი