მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ორი ჰიდროელექტროსადგურის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტი განიხილეს

06 ნოემბერი 2023, 14:52 583 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, განსახილველ საკითხთა შორის იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ინიციირებული 2 ჰიდროელექტროსადგურის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტი. აქედან ერთი ჰესი, რომლის სიმძლავრე 11.8 მგვტ-ს შეადგენს, ონის მუნიციპალიტეტში აშენდება, ხოლო მეორე ჰესის პროექტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში განხორციელდება, მისი სიმძლავრე 6 მეგავატამდეა.

ჯამურად, ორივე ჰესის ასაშენებლად 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ახლა მუშაობა მიმდინარეობს მეორე აუქციონის ჩატარებაზე.

„ჩვენ ახლა ვმუშაობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, მეორე აუქციონის ჩატარებაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ პროექტები, რომლებიც ინვესტორებს გააჩნიათ, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი იყოს, კერძოდ ფასის გარანტიებით, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ უფრო ადვილად შეძლონ ფინანსური რესურსების მობილიზება და პროექტების განხორციელება. დღესაც მორიგი რამდენიმე პროექტი გვქონდა მთავრობაზე განხილული, მათ შორის იყო ერთი სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში, მეორე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში.

ორი პროექტი, რომელიც სხვადასხვა ეტაპზეა, ერთი არის უკვე კვლევების დასრულების ეტაპზე და გადავა მალე სამშენებლო ეტაპზე, ხოლო მეორე კვლევების დაწყების ეტაპზე. ჩვენ წლის ბოლომდე დაგეგმილი გვაქვს, რომ ექსპლუატაციაში 2023 წელს 100 მეგავატზე მეტი სიმძლავრე შევიდეს, ზოგადად რაც ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტო შედეგი იქნება და მომავალ წლებში ჩვენ ეს დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ. არ ვისაუბროთ არამხოლოდ პროექტების შეკვრაზე, დაფინანსების მოძებნაზე, მხარდაჭერის სქემებზე, არამედ უშუალოდ განხორციელებაზე და დამატებითი ენერგოპოტენციალის გაჩენაზე ჩვენს ეკონომიკაში“, – განაცხადა ლევან  დავითაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი