საპარლამენტო ოპოზიციის 13 ქალი დეპუტატი ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ერთობლივი განცხადებით მიმართავს

03 ნოემბერი 2023, 14:04 441 ნახვა

საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ.

მათივე განცხადებით, პარლამენტის წევრქალ დეპუტატებს საპარლამენტო ოპოზიციიდან ჯერა, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, განსაკუთრებით  გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების და ქვეყანაში რუსული გავლენების ფონზე.

„ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის ცივილიზაციური და ისტორიული არჩევანია. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა (90% საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად) მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რათა საქართველომ მიაღწიოს დემოკრატიულ განვითარებას და კეთილდღეობასსტაბილურ და მშვიდობიან გარემოში. ისტორიულად, ისევე როგორც თანამედროვე დროს ქართველმა ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა ურყევი ერთგულება ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების.

მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას 2009 წელს, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2022 წლის მარტში იყო დასტური ევროკავშირში ჩვენი ისტორიული საგარეო კურსის.

2022 წლის ივნისში, მაშინ, როდესაც ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას გადასცა კანდიდატის სტატუსი, საქართველო  დარჩა გარკვეულწილად ასოცირებული ტრიოს მიღმა, რადგან კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება გადავადდა, მიუხედავად მრავალი წლის მანძილზე მოწინავე პოზიციებისა.

მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება კვლავ წინაა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრა ევროკავშირთან არასაკმარისად რჩება, ჩვენ, პარლამენტის წევრქალ დეპუტატებს საპარლამენტო ოპოზიციიდან გვჯერა, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, განსაკუთრებით  გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების და ქვეყანაში რუსული გავლენების ფონზე.

იმავდროულად, ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირის ოფიციალურ გადაწყვეტილებას თან უნდა ახლდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან  დაახლოება და ძირეული რეფორმები, რაც აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიის, უსაფრთხოების და თითოეული მოქალაქის  კეთილდღეობისთვის.

კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აქვე მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილებამ უნდა წარმოადგინოს ნათელი ჩარჩო ქვეყნისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ევროკავშირში წარმატებით გაწევრიანების გზაზე. ეს წაახალისებს რეფორმების მხარდამჭერ აქტორებს ქვეყნის შიგნით და გაზრდის საქართველოს ევროკავშირში წევრობის ინსტიტუციონალიზაციის შესაძლებლობებს.

ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები მადლობას გიხდით ევროკავშირში თქვენი ლიდერობისთვის, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების ურყევი მხარდაჭერისთვის ევროპისა და  რეგიონისთვის ამ კრიტიკულ დროს.

გვჯერა, რომ ევროკავშირის გაფართოება ლისაბონიდან თბილისამდე მოიტანს გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობას ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ხალხისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: თეონა აქუბარდია (რეფორმების ჯგუფი), თინა ბოკუჩავა (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ანა ბუჩუკური (პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“), თამარ ჩარკვიანი (დამოუკიდებელი დეპუტატი), ნატო ჩხეიძე (პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“), ხატია დეკანოიძე (ევრო-ოპტიმისტების ჯგუფი), ეკატერინე ხერხეულიძე (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), თამარ კორძაია (დამოუკიდებელი დეპუტატი), ანა ნაცვლიშვილი („ლელო საქართველოსთვის“), სალომე სამადაშვილი („ლელო საქართველოსთვის“), ხათუნა სამნიძე (საქართველოს რესპუბლიკური პარტია), ანა წითლიძე (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ქეთევან თურაზაშვილი (პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“).


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი