„ავერსის“ კლინიკიდან გუშინ გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ. უწყებაში არ საუბრობენ დეტალებზე, სად და რა ვითარებაში მოხდა პატიმრის დაკავება.
მათივე ცნობით, დაკავებულია ბადრაგიც, რომელიც პატიმრების კლინიკაში გადაყვანაზე იყო პასუხისმგებელი. იგი 342-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა პენიტენციური დაწესებულებიდან, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევა ან/და პენიტენციური დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაციას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
სამი პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო.
ცნობისთვის, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა გუშინ მოხდა. კლინიკის ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი.