სამი კვირის წინ ჩამოვედი საქართველოში, მრავალ პარტნიორს შევხვდი და ამ შეხვედრების დროს არაერთხელ აღვნიშნე ჩვენი წარმომადგენლობის მიზანი, რათა განვაგრძოთ პარტნიორობა საქართველოსთან, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.
ელჩი სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“.
„ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე თქვენს გარემოცვაში. დღეს შეკრებილი არიან სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები და პატივსაცემი სტუმრები. სამი კვირის წინ ჩამოვედი საქართველოში, მრავალ პარტნიორს შევხვდი და ამ შეხვედრების დროს არაერთხელ აღვნიშნე ჩვენი წარმომადგენლობის მიზანი, რათა განვაგრძოთ პარტნიორობა საქართველოსთან. ჩემთვის საამაყოა ის მომენტი, რომ დღეს ზუსტად აღვნიშნავთ პარტნიორობას იუსტიციის სამინისტროსთან. ჩვენ ვართ დამფინანსებელი ამ ღონისძიების, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ აშშ საქართველოს გვერდით არის სასჯელაღსრულების მიმართულებით, რეფორმების მიმართულებით.
დიდი სიამაყით მინდა, აღვნიშნო რეფორმები, რაც უკვე გატარდა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, ეს არის, მათ შორის ტექნოლოგიური მიმართულებით. ბატონო მინისტრო, თქვენ აღნიშნეთ ადამიანზე ორიენტებული მიდგომა, ზუსტად ამაშია საქმე. არის სხვადასხვა მიმართულება, პრობაციონერებისთვის, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია სხვადასხვა სერვისი, ასევე არის პაემნები, ვიდეოპაემნები, როდესაც პატიმრებს აქვთ შესაძლებლობა, ესაუბრონ და პაემნები ჰქონდეთ ოჯახის წევრებთან. ძალიან მნიშვნელოვანია მათი საჭიროებების გააზრება, იდენტიფიცირება“, – განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, განსაკუთრებით ქალი პროფესიონალების გაძლიერების მიმართულებით.