უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში 36 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსი დამპყრობლები ცდილობდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინული პოზიციების შტურმს, სურდათ კლეშჩეევკაზე დაკარგული პოზიციის აღდგენა და ავდიევკას ალყაში მოქცევა, მაგრამ უშედეგოდ.
"მტერმა წარუმატებელი თავდასხმის ოპერაციები ჩაატარა ხარკოვის რაიონის სოფელ სინკოვკას მიდამოში, სადაც უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის 2 შეტევა.
ბახმუტის მიმართულებით რუსებმა წარუმატებლად სცადეს დაკარგული პოზიციის აღდგენა კლეშჩეევკას რაიონში, სადაც უკრაინელმა დამცველებმა 3 შეტევა მოიგერიეს. უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდასხმის ოპერაციებს დონეცკის ოლქის ბახმუტის სამხრეთით, აყენებენ მტერს დანაკარგებს ცოცხალი ძალით და აღჭურვილობით"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
გენშტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 19 დარტყმა განახორციელეს ტერიტორიებზე, სადაც კონცენტრირებულია მოწინააღმდეგის პერსონალი, იარაღი და სამხედრო ტექნიკა.