ველოდებით, რომ ევროკავშირი დადგება თავისი ღირებულებების სადარაჯოზე და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებული იქნება დამსახურებაზე - პაპუაშვილი

25 ოქტომბერი 2023, 10:54 441 ნახვა

ველოდებით, რომ ევროკავშირი დადგება თავისი ღირებულებების სადარაჯოზე და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებული იქნება დამსახურებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ის უკვე შეხვდა ბელგიის, მალტისა და ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარეებს.

"ამიტომ კარგი შესაძლებლობაა, რომ ჩვენთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბროთ. ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საუბარი მქონდა ბელგიის, მალტისა და ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარეებთან – მათგანაც ძალიან პოზიტიური სიგნალებია იმ შეფასებასთან დაკავშირებით, რასაც ყველა ველოდებით. მათ ვუთხარი კიდეც, რომ ჩვენ პოზიტიური განწყობა გვაქვს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მათ დამიდასტურეს, რომ, მათი ინფორმაციითაც, ძალიან პოზოტიური განწყობაა. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ეს განწყობები ბოლომდე ასე შენარჩუნდება და დეკემბერში გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება. ეს გადაწყვეტილება არა იმდენად შეეხება საქართველოს, რამდენადაც ეხება თავად ევროკავშირს. მნიშვნელოვანია, რომ უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც შარშან იყო მიღებული, როცა ტრიოში ლიდერი ქვეყანა დაიჩაგრა და საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, ეს გამოსწორდება. ამიტომ ველოდებით, რომ ევროკავშირი დადგება თავისი ღირებულებების სადარაჯოზე და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებული იქნება დამსახურებაზე.

 

ამას გარდა, შეხვედრებია აფრიკის კონტინენტის წარმომადგენლებთან. ამ მხრივ მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკაში აფრიკის კონტინენტის ქვეყნების პოზიციები. 2023 წელს გაერო-ში ჩვენ რეკორდული მხარდაჭერა გვქონდა. ამიტომ მსგავსი შეხვედრების გამართვა მნიშვნელოვანია – უფრო მეტი და მეტი ქვეყანა უნდა მოვიმხროთ რეზოლუციის მხარდასაჭერად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, ლუანდაში თითქმის 130 ქვეყნის წარმომადგენელი, 50-მდე პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტების ათასზე მეტი წევრი იმყოფება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი