სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება ქიბარ ხალვაში. განაცხადა მისმა ადვოკატმა პაატა სალიამ. იგი დღეს დილით მიუნხენში გაემგზავრა. განაცხადა, რომ მას პირადი შეხვედრები აქვს დაგეგმილი, რაც ევროსასამართლოში „რუსთავი 2-ის“ საქმეს არ უკავშირდება. სალიას განმარტებით, სტრასბურგში მხარეს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება და არა ქიბარ ხალვაში, შესაბამისად, სამომავლოდ ყველაფერი იმ დოკუმენტებზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც ქვეყანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე წარადგენს. „რუსთავი ორის” საქმეზე გადაწყვეტილებას ელოდებიან ტელეკომპანიის პირველი დამფუძნებლები. ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, ის და დავით დვალი უკვე შეხვდნენ ქიბარ ხალვაშს, თუმცა სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე დეტალებზე საუბარი ვერ მოახერხეს. მისი თქმით მთავარი პირობა, რომელიც მათ ხალვაშს წაუყენეს, იყო სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა და არხის კრიტიკული პოზიციის შენარჩუნება. რაც შეეხება ქიბარ ხალვაშს იგი აცხადებს, რომ დამფუძნებლებს 50 პროცენტიან წილს გადასცემს. მოლაპარაკების სხვა დეტალები უცნობია.