პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა

19 ოქტომბერი 2023, 18:44 346 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დეპუტატებმა მესამე მოსმენით 79 ხმით, 3-ის წინააღმდეგ მიიღეს.

პროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერაა მომზადებული. დოკუმენტის თანახმად, ამ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.

პირველი მოსმენით განხილვის პროცესში პროექტის პირვანდელი ვარიანტი დაკორექტირდა და უხამსობაც თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადავიდა.

მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა იზრდება.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონის 55/2 მუხლი ითვალისწინებს მედიამომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, აღნიშნული აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატირი არიან “ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატები დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი.

უმრავლესობის წევრების განმარტებით, „კანონის პროექტის მიღება ხელს შეუწყობს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას, რაზეც დამოკიდებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში