ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაერო-ს შეატყობინეს, რომ 24 საათის განმავლობაში ღაზის ჩრდილოეთით მყოფი მთელი პალესტინელი მოსახლეობის ევაკუაცია სამხრეთ ღაზაში უნდა მოხდეს, – ამბობს გაერო-ს გენერალური მდივნის სპიკერი სტეფან დუჟარიკი.
მისივე ინფორმაციით, შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები შეიძლება, ემზადებოდნენ სახმელეთო შეჭრისთვის.
გაფრთხილება ეხებოდა გაერო-ს თანამშრომლებსა და იმ ტერიტორიებზე განლაგებულ გაერო-ს დაწესებულებებში თავშეფარებულებს.
ბოლო მონაცემებით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1300-ს აჭარბებს. დაშავებულთა რაოდენობა კი 3400-ს აღემატება. დაღუპულთა შორის უცხოეთის ათობით მოქალაქეცაა.
ღაზის სექტორში ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობაც გაიზარდა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავიაციო იერიშებს 1500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 6600-ზე მეტი კი დაშავდა.