საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, დასრულდა აღნიშნული გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები და დაიწყო მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები, მიმდინარე წლის 12 ოქტომბრიდან რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იცვლება.
მათივე განმარტებით, სპეციალური რეჟიმი უქმდება მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის და შესაბამისად, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მათი გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.
ამასთან, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება ოთხი საათით. შესაბამისად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება რიკოთზე დაშვებული იქნება ორმხრივად, 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში ასევე აღნიშნავენ, რომ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გაგრძელდება 24-საათიანი მონიტორინგი.
სპეციალური რეჟიმი რიკოთის საავტომობილო გზაზე მიმდინარე წლის აპრილიდან მოქმედებს.