ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება განათლების სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დაახლოებით მილიარდი ლარი გამოიყო ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის.
"ჩვენ გვქონდა არაერთი განხილვა ეკონომიკური საბჭოს ფორმატში თუ როგორ უნდა განვავითაროთ კიდევ უფრო მეტად პროფესიული განათლება. განათლების რეფორმის ჩვენი მთავარი ამოცანაა ხარისხიანი განათლება და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა განათლების სისტემის ყველა საფეხურის, ყველა დონეზე. ჩვენ განათლების სფეროში მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება დავიწყეთ. მილიარდი ლარი გამოვყავით ბაგა-ბაღების მშენებლობა- რეაბილიტაციისთვის, ასევე, მილიარდი ლარი გამოვყავით საშუალო სკოლების განვითარებაზე, რეაბილიტაციასა და მშენებლობაზე. ეს პროცესი დაწყებულია, დაახლოებით 400 სკოლის პროექტის კონტრაქტები გაფორმებულია და მშენებლობა არის დაწყებული",- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის განცხადებით, 10 წლის განმავლობაში, პროფესიული განათლების განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 200 მლნ ლარი გამოიყო.
"რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ გავაოთხმაგეთ პროფესიული განათლების ბიუჯეტი. დღეის მდგომარეობით, 30 საჯარო, სახელმწიფო პროფესიული კოლეჯია შექმნილი. 40-მდე ლოკაცია არის გამოყოფილი, 45 კერძო კოლეჯი ფუნქციონირებს დღეს ქვეყანაში და წელს რეკორდული, 95 მლნ ლარი იყო პროფესიული განათლებას ბიუჯეტი. ჯამში, 10 წლის განმავლობაში, 200 მლნ ლარი დავხარჯეთ პროფესიული განათლების განვითარებაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს მთავარი გამოწვევა არის კვალიფიციური მუშახელი ბაზარზე. გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ კვალიფიციური მუშახელის მიწოდება არ არის, რაც სერიოზული პრობლემაა.
„დღეს მთავარი გამოწვევა არის კვალიფიციური მუშახელი ბაზარზე. გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ კვალიფიციური მუშახელის მიწოდება არ არის, რაც სერიოზული პრობლემაა. 2-3 წლის წინ პირიქით გვქონდა მდგომარეობა, შეიძლება ასე ითქვას და დღეს სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი. მაგალითს გეტყვით, რომ იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოში შემოსული ვაკანსიების თანახმად, გამოიკვეთა ყველაზე მსხვილი სფეროები - ეს არის საბითუმო და საცალო ვაჭრობა, განთავსების საშუალებები - სასტუმროები, უზრუნველყოფა და საკვების მიწოდების საქმიანობა, სარესტორნო ბიზნესი და ა.შ. ასევე მიმართულება - ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები. მეოთხე მიმართულება - ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობა. სულ სააგენტოში დღეის მდგომარეობით 10 ათასამდე ვაკანსიაა დაფიქსირებული. შარშან ჩავატარეთ საინტერესო კვლევა, ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა ეს კვლევა, და გამოიკვეთა შემდეგი მდგომარეობა - რაც უნდა ითქვას, რომ საგანგაშოა. გამკვეთა, რომ შარშან, პირველი სექტემბრის მდგომარეობით, ბოლო 1 წლის განმავლობაში, საწარმოთა 32%-ს ჰქონდა ვაკანსია, რომელმაც ჯამში, თითქმის 140 ათასი ვაკანსია შეადგინა. ეს რა თქმა უნდა არის საგანგაშო“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.