ვმუშაობთ როგორც „აირზენასთან“, ისე ისრაელის მხარესთან, რათა დამატებითი რეისი დაინიშნოს 12 ოქტომბრისთვის - ლაშა ჟვანია

10 ოქტომბერი 2023, 10:15 494 ნახვა

ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით მორიგი ავიარეისი განხორციელდა. მგზავრებს შორის საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იყო.

ისრაელიდან დაბრუნებული მგზავრები აცხადებენ, რომ ძირითადად დარტყმა თელავივმა და აშტოცმა მიიღო.

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ 11 ოქტომბრისთვის დანიშნულ დამატებით რეისზე ყველა ბილეთი რამდენიმე წუთში გაიყიდა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს დამატებითი რეისის დასანიშნად 12 ოქტომბრისთვისაც.

„კომპანია „აირზენასთან“ საქართველოს მთავრობის მოლაპარაკებით, 11 ოქტომბრისთვის დაინიშნა დამატებითი რეისი და დაახლოებით 15-20 წუთში ყველა ბილეთი გაიყიდა. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ როგორც „აირზენასთან“, ისე ისრაელის მხარესთან, რათა დამატებითი რეისი დაინიშნოს კვლავ, 12 ოქტომბრისთვის. ისრაელში მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა, ვისაც საქართველოში დაბრუნების სურვილი აქვს, ყურადღება მიაქციონ ბილეთების გაყიდვებს“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისივე თქმით, ბილეთების გაყიდვა ონლაინ მოხდება.

ელჩის განმარტებით, ისრაელში ყოფნა უსაფრთხოა, თუ მოქალაქეები დაიცავენ იმ ელემენტარულ წესებს, რომლებსაც ისრაელის შესაბამისი სამსახურები გასცემენ შესასრულებლად

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი