ცესკო ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს, როგორ მივცეთ ხმა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით - გიორგი კალანდარიშვილი

06 ოქტომბერი 2023, 13:51 630 ნახვა

საარჩევნო ადმინისტრაცია 9 ოქტომბრიდან იწყებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას - როგორ მივცეთ ხმა საარჩევნო ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, 2024 წლის 26 ოქტომბერს, პარლამენტის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მაღალ პროფესიულ დონეზე ჩაატაროს.

„საარჩევნო ადმინისტრაცია 9 ოქტომბრიდან იწყებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას - როგორ მივცეთ ხმა საარჩევნო ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის. ელექტრონული აპარატების დემონსტრაცია ეტაპობრივად გაიმართება ხალხმრავალ ადგილებში - მეტროსადგურებში, იუსტიციის სახლებში, მომსახურების სააგენტოს ფილიალებში, სავაჭრო ცენტრებში, უმაღლეს სასწავლებლებში, საჯარო და კერძო უწყებებში - მოქალაქეებს პირადად შეეძლებათ ნახონ და პრაქტიკაში გამოცადონ როგორ მუშაობს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. უკვე მომზადდა და საარჩევნო სიახლეების, პროცედურებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო-სარეკლამო ვიდეორგოლები განთავსდება როგორც მედიაში, ასევე კინოთეატრებში და იუსტიციის სახლებში. დარიგდება საინფორმაციო ბროშურები. ამომრჩეველთა ინფორმირება იქნება ცესკოსა და სწავლების ცენტრის საგანმანათლებლო პროექტების ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ამ მიზნით შესაბამის პირებს უკვე გავლილი აქვთ რამდენიმე ეტაპიანი გადამზადება.

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია გთავაზობთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს - უკვე შეიქმნა და ჩვენს ვებგვერდზე განთავსდა ბმული, რომელზე გადასვლის შემდეგაც ნებისმიერ პირს შეუძლია ონლაინ მიიღოს მონაწილეობა იმიტირებულ კენჭისყრაში და ნახოს, როგორ უნდა მისცეს ხმა ელექტრონული აპარატების გამოყენებით.

გვინდა მოვუწოდოთ საქართველოს მოქალაქეებს - გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა - მიიღეთ მონაწილეობა ხალხმრავალ ადგილებში გამართულ იმიტირებულ კენჭისყრაში, გაეცანით საარჩევნო სიახლეებსა და პროცედურებს. არჩევნები საერთო საქმეა და ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამომრჩევლების ინფორმირებას"- განაცხადა გიორგი კალანდარიშვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი