ჩვენი ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ეკონომიკური სარგებლის თანაბრად, სამართლიანად გადანაწილება მოსახლეობის ყველა ფენაზე - დავითაშვილი

04 ოქტომბერი 2023, 17:42 578 ნახვა

ჩვენი ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ეკონომიკური სარგებლის თანაბრად, სამართლიანად გადანაწილება მოსახლეობის ყველა ფენაზე - ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა  საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ლევან დავითაშვილი დეპუტატებს „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშს წარუდგენს. ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ასპექტები, ქვეყანაში არსებული ზოგადი ეკონომიკურ სურათი, ტენდენციები და მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებლები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები - ეს ის ძირითადი თემებია, რომლებზეც მინისტრი დეტალურად ისაუბრებს.

"დღეს გაგაცნობთ ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დინამიკას, რეფორმების მიმდინარეობას და სამომავლო გეგმებს. თუმცა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აუცილებლად ვისაუბრებ იმ გამოწვევების და, შესაბამისად, ამოცანების შესახებ, რომლებიც ჩვენი დღის წესრიგში დგას და რომელთა გადასაჭრელად აქტიურად ვმუშაობთ, მთელ სამთავრობო გუნდთან კოორდინაციაში. ასე რომ, ჩემი გამოსვლა მიმდინარე წლის ეკონომიკური ტენდენციებისა და ჩვენ მიერ გაწეული სამუშაოს ერთგვარი შეჯამება იქნება“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა გამოსვლის დასაწყისშივე აღნიშნა, მისმა უწყებამ, მთლიანად მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა მაქსიმალურად მოქნილი, ადეკვატური მექანიზმებით შეძლო ბოლო წლებში არსებული საერთაშორისო თუ რეგიონულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე რეაგირება და არსებული საშინაო თუ საგარეო შოკების განეიტრალება საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობისთვის. ლევან დავითაშვილის თქმით, ამაზე სტატისტიკური მაჩვენებლებიც მეტყველებს, მათ შორის – არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდა და უმუშევრობის ისტორიული მინიმუმი.

„თუმცა, აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა – ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში სიღარიბე დაძლეულია, ამ მხრივ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ არსებული დადებითი დინამიკა და ტემპი. ეს ჩვენი ეკონომიკური გუნდის კიდევ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ისევე, როგორც ეკონომიკური სარგებლის თანაბრად, სამართლიანად გადანაწილება მოსახლეობის ყველა ფენაზე, მზარდი ეკონომიკის სიკეთე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა შეეხოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ქვეყნის ეკონომიკის სექტორული ზრდა, განვითარება და რეფორმები, მათ შორის კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერა, ბიზნესის და ინვესტიციების ხელშეწყობა, კაპიტალის ბაზრის და სადაზღვევო სექტორის განვითარება, გამართული საპენსიო სისტემა, ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებსაც ეკონომიკური უწყების ხელმძღვანელი მთავარ პრიორიტეტად და საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებად ასახელებს და რომელთა შესახებაც დღეს საკანონმდებლო ორგანოში ვრცლად ისაუბრებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი