2012 წელს ბიუჯეტი 8,5 მილიარდი ლარი იყო, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება, გასამმაგდა, რაც ძალიან სასიხარულოა ყველასთვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტში ეკონომიკის 5.2%-ით ზრდაა გათვალისწინებული.
“2024 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია საკმაოდ კონსერვატიული მიდგომით. ჩადებული გვაქვს ეკონომიკის 5.2%-ით ზრდა. საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 5%. საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივ მაჩვენებლის ფარგლებშია და 2.8%-ს შეადგენს. ნომინალური მშპ-ის პროგნოზი არის 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი პროგრესია. 2012 წელს როდესაც მძიმე მემკვიდრეობა ჩავიბარეთ და ბიუჯეტი 8.5 მილიარდი ლარი იყო, მშპ იყო 27 მილიარდი. თითქმის გასამმაგებაა ბოლო 12 წელიწადში, 85 მილიარდზე მეტი იქნება მშპ. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე 8 600 დოლარს გადააჭარბებს. წელს 8100 დოლარი იქნება. წლევანდელი ბიუჯეტიც საკმაოდ ამბიციური იყო. ასევე, ჩვენი პროგნოზით 2027 წლისთვის ჩვენი პროგნოზით მშპ 108 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს რომ 1 სულ მოსახლეზე თითქმის 11 ათას დოლარს მიაღწევს.
2012 წელს ბიუჯეტი იყო 8.5 მლრდ ლარი, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი იქნება 27 მილიარდ 800 მლნ ლარი. გასამმაგებაა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა. დეფიციტს რაც შეეხება, ჩვენი გათვლებით, 2.5% იქნება, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 38.2% იქნება 2024 წელს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 2024 წელს მილიარდ 700 მილიონი ლარი მიემართება, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება მილიარდ 200 მილიონი ლარი.
"ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება ექვსი მილიარდი ლარი, აქედან სამინისტროს ბიუჯეტი იქნება 3,4 მილიარდი ლარი. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება მილიარდ 700 მილიონი ლარი, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება მილიარდ 200 მილიონი ლარი. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია მილიარდ 900 მილიონი ლარი, წყალმომარაგება-წყალანარინების სექტორის გაუმჯობესებაზე 500 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული. მთლიანად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, უკვე აღვნიშნე და კიდევ გეტყვით, რომ 700 მილიონი ლარი ჯამში დაიხარჯება მომავალ წელს. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 170 მილიონი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ გაისად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს ბიუჯეტის პირველი ვარიანტი წარადგინა, ოქტომბერში იგეგმება აქტიური მუშაობა სამინისტროებთან და სხვა უწყებებთან, მეორე ვარიანტს 5 ნოემბრამდე წარადგენენ და შემდეგ, ნოემბერში მესამე ვარიანტზე იგეგმება მუშაობა.
"მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით, გათვალისწინებულია 300 მლნ ლარის დახარჯვა 2024 ში. სოფლის მეურნეობის განვითარებაზე 560 მლნ ლარი არის განსაზღვრული. ასევე გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის 180 მლნ ლარი გამოიყოფა. ჯამში, ვფიქრობ ძალიან კარგი ბიუჯეტი გამოგვივიდა 2024-ის, კიდევ ვიმეორებ, ეს არის პირველი ვარიანტი, ოქტომბერში ვიმუშავებთ აქტიურად სამინისტროებთან, სხვა უწყებებთან, ასევე პარლამენტთან ერთად გვექნება აქტიური განხილვა. მეორე ვარიანტს წარვადგენთ 5 ნოემბრამდე და შემდეგ, ნოემბერი დაგვრჩება, რომ მესამე ვარიანტზეც ვიმუშაოთ პარლამენტთან ერთად. ეს არის ძირითადი მონახაზი, რაც მინდოდა თქვენთვის მეცნობებინა. შეჯამებისთვის ვიტყვი, რომ 2024 ში 85 მილიარდი ლარი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი. პერ კაპიტა ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 8600 დოლარი გახდება უკვე და შედარებისთვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის თითქმის გასამმაგება მთლიანი შიდა პროდუქტის, თუ შევადარებთ 2012 წელს. ბიუჯეტი 27,8 მილიარდი ლარი იქნება 2024-ში, დანარჩენზე მოგვიანებით დავაზუსტებთ და ვიმუშავებთ პარლამენტთან ერთად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განცხადებით, მესამე წელია, ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპია. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მსოფლიოში მიმდინარე ფაქტორების გათვალისწინებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია.
"დღეს განვიხილავთ 2024 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტს, რომელსაც გადავაგზავნით პარლამენტში. მანამდე, მინდა, ერთგვარი შეჯამება გავაკეთო ბოლო წლების ეკონომიკის ტენდენციების. იცით, რომ ძირითადად ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წელი და მესამე წელია, ეკონომიკის მაღალი ტემპით ზრდას ვაგრძელებთ. წელს შვიდპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი. იცით, ბიუჯეტი დავაკორექტირეთ და წელს ეკონომიკის ზრდა 6.5 პროცენტზე არის ნავარაუდევი, როცა თავიდან დათვლილი იყო ძალიან კონსერვატიულად - ხუთ პროცენტზე იყო გათვლილი წლევანდელო ბიუჯეტი. ასევე, ახლა ცნობილი გახდა, რომ რვა თვეში ეკონომიკის ზრდა შვიდ პროცენტს შეადგენს, რაც ყველა ფაქტორის და გარემოების გათვალისწინებით, რაც ახლა მთელ მსოფლიოში, მით უმეტეს, რეგიონში მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.