არჩევნებამდე უარი უნდა ვთქვათ ილუზიაზე, რომ ახალგაზრდობა მორიგ ჯერზე გამოვა და ოპოზიციაც ამ ახალ ტალღას მოაჯდება - მიხეილ სააკაშვილი

29 სექტემბერი 2023, 13:02 442 ნახვა

უკვე არჩევნებამდე უარი უნდა ვთქვათ ილუზიაზე, რომ ჩვენთვის უცნობი ახალგაზრდობა მორიგ ჯერზე გამოვა, ოპოზიციაც ამ ახალ ტალღას მოაჯდება, მე უკვე აქ ვარ და ვაპირებ, აქტიურად ჩავერთო ყველა ღირსეული ადამიანის გაერთიანებაში, მათ შორის მასიურად ახალი ხალხის მოყვანაში, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ წაიკითხა.

როგორც სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, საქართველო არის დაპყრობილი და დაპატიმრებული ქვეყანა.

„დაპყრობის პროცესი დაიწყო 2012 წელს, როდესაც რუსეთმა ხელში ჩაიგდო ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება და ახლა ჩვენ ამ დაპყრობის პროცესის საბოლოო ეტაპზე ვიმყოფებით. რუსეთს ჰყავს თავისი გენერალ-გუბერნატორი საქართველოში – ივანიშვილი, რომელიც აკეთებს იმას, რაც რუსეთში ისწავლა, გვაყურებინებს წარმოდგენებს, ერთმანეთთან აჩხუბებს პრეზიდენტსა და მთავრობას, ოპოზიციის შიგნით ხელს უწყობს რამდენიმე ბანაკის ჩამოყალიბებას და ხალხს აყურებინებს მათ კინკლაობას, ევროპას და ამერიკას მუდმივად აშანტაჟებს და შესაბამისად, უქმნის რუსეთთან კონკურენციის განცდას. ვინც რეალურად მისთვის საფრთხეს წარმოადგენს, იმას ანადგურებს ფიზიკურად და მორალურად. ივანიშვილი და რუსები თამაშობენ სიხარბეზე და ამუშავებენ ფულს, ასევე თამაშობენ წვრილმან, დიდ ამბიციებზე და უქმნიან ცალკეულ ოპოზიციურ მოღვაწეებს ფუჭ ილუზიებს, რომ სწორედ ისინი შეძლებენ იმის მიღწევას, რაც სხვას არ გამოსვლია, ოღონდ მთავარია, სხვას გაემიჯნონ და რეგულარულად დაგმონ ის.

რა არის აქ გამოსავალი? პირველ რიგში, ყველას ერთობა, ვისიც შესაძლებელია, ოღონდ ერთობა არ ნიშნავს მრავალგზის დისკრედიტირებული ხალხის მოზიდვას და მარადიული დეპუტატების ხელახლა შრომითი მოწყობის მომზადებას. ივანიშვილის მიერ ელექტრონული არჩევნების ჩატარების არდაშვებას, არამედ მხოლოდ ევროკავშირის ან სანდო ქვეყანათა კოალიციის მიერ. იმ ფაქტის გათავისებას, რომ გარდატეხა უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად და არჩევნებში გამარჯვება უნდა გავიფორმოთ.

უკვე არჩევნებამდე უარის თქმა ილუზიაზე, რომ მოხდება რაღაც მოვლენა, მაგალითად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა და ჩვენთვის უცნობი ახალგაზრდობა მორიგ ჯერზე გამოვა და ოპოზიციაც მოაჯდება ამ ახალ ტალღას. ჯერ ერთი, ჩემი აზრით, საქართველოს მისცემენ სტატუსს, გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, რაც ქართველების ყოველდღიურობაში არაფერს შეცვლის და მეორეც, მითიურ ახალგაზრდულ პროტესტზე გათვლა არაფერს იძლევა, ამაზე ყოველდღიური მუშაობაა საჭირო და უფროსი თაობებიც უნდა ჩაერთონ მასში, სწორედ მათ ითამაშონ მთავარი როლი და არ გადაულოცონ ეს ფუნქცია მხოლოდ ახალგაზრდულ სტიქიას. მე ვიცი, რომ უფროს თაობებს ბევრად მეტი აქვს დასაკარგი, უმეტესობას ვალები აქვს, სამსახურის დაკარგვის ეშინია, ბევრი გასულია და დანარჩენები გასვლაზე ოცნებობენ, მაგრამ…

ოცნებას აღარ ჰყავს რეალური იდეოლოგიური მხარდამჭერები, რუსეთი და ივანიშვილი არიან ისტორიის არასწორ მხარეს, უკრაინა ყველა შემთხვევაში დასავლეთის დახმარებით დაამარცხებს რუსეთს, რითიც საფუძველს დაუდებს რუსეთის დაშლის პროცესს. აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამ და სომხეთის ღიად გადახრამ დასავლეთისკენ, დაარღვია რუსეთის მთავარი პარადიგმა სამხრეთი კავკასიაში. რუსეთს აღარ აქვს არცერთი ხალხის მხარდაჭერა კავკასიის სამ ქვეყანას შორის, ამიტომ, როგორც არ უნდა დაქსაქსოთ ოპოზიციის მოლაპარაკე თავები, მე უკვე აქ ვარ და ვაპირებ, აქტიურად ჩავერთო ყველა ღირსეული ადამიანის გაერთიანებაში, მათ შორის მასიურად ახალი ხალხის მოყვანაში. მე თვითონაც საკუთარ საკადრო შეცდომებზე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. პატიმრობაში კარგად დავინახე, ვინ ვინ არის და ვაპირებ, არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მთელი ქვეყნის პატიმრობიდან გათავისუფლებას!“, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი